დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა

2018 წლის 26 მაისს, ესტონეთში ქართულმა სათვისტომო ორგანიზაციამ “ქართული სახლი” იზეიმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი. საზეიმო ღონისძიება ჩატარდა ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში და ფინანსურად მხარდაჭერილი იყო ესტონეთის კულტურის სამინისტროსა და ინტეგრაციული ფონდის მიერ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და ესტონეთში მცხოვრებ ქართველებს ეს დიდი დღესასწაული მიულოცეს, ესტონეთში საქართველოს ელჩმა ქ-ნ.თეა ახვლედიანმა,  ლიტვის, ლატვიის და უკრაინის სათვისტომოების თავმჯდომარეებმა. სამივე ქვეყნის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ დიდ მეგობრობას რომელიც საქართველოსა და ამ ქვეყნებს შორის არსებობს.

 

ღონისძიება გაიხსნა საქართველოსა და ეტონეთის ნაციონალური ჰიმნებით, რომელიც შესრულდა სპეციალურად ამ დღისათვის საქართველოდან ჩამოსული ქედის ვაჟთა ფოლკროლური ანსამბლი „ელესა“-ს მიერ. დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს ესტონელმა, მოლდაველმა და უკრაინელმა მოცეკვავეებმა და მომღერლებმა. ქართული ცეკვები შეასრულეს ქართული სათვისტომოს საკვირაო სკოლა “მზიური”-ს ბავშვებმა. ორი მუსიკალური ნომერი შეასრულა საფორტეპიანო სკოლის მოსწავლემ.  საღამო კი დაასრულდა ცეცხლოვანი “ცეკვა ქართულით”.  კონცერტის შემდეგ გაიმართა საზეიმო მიღება.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ოფიციალურად შეიქმნა. ზუსტად 100 წლის წინ თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. თუმცა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება.